ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის მდებარე ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე საქართველოს მოქალაქის დაკავების, სავარაუდოდ მისთვის ცეცხლის გახნასთან დაკავშირებით მისიის ცხელი ხაზია გააქტიურებული.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) გუშინ, მის მიერვე მართული ცხელი ხაზის ინტენსიურ რეჟიმში გამოყენებას ადასტურებს, რაც ე.წ. ადმინისტრაციულ ხაზთან საქართველოს მოქალაქის დაკავებასა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრას უკავშირდებოდა.
მისია ხელს უწყობს შესაბამისი ინფორმაციის გაცვლას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყურადღებით დააკვირდება სავარაუდო სროლის ინციდენტს და შემდგომ დაკავების საკითხს.
ამ კონტექსტში, მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების სწრაფი განახლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, როგორც ნდობია აღდგენისა და დიალოგისთვის საჭირო შესაბამის პლატფორმას“, – აღნიშნულია განცხადებაში.










