ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი თავისუფალია. ინფორმაციას ამის შესახებ სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
ერიკ დრულევი საოკუპაციო ძალებმა 2021 წლის 5 თებერვალს, საქართველო-რუსეთის საზღვრის როკის გვირაბის მონაკვეთზე, უკანონოდ დააკავეს.
ერიკ დრულევის უკანონოდ დაკავების მომენტიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ცხელი ხაზი“ გაააქტიურა, რის ფარგლებშიც საოკუპაციო რეჟიმთან მიმდინარეობდა მუდმივი კომუნიკაცია. პროცესში აქტიურად ჩაერთო საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიმართულებით.
21 წლის ახალგაზრდა ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთში ცოტა ხნის წინ გადმოსცეს. დრულევის განცხადებით, ის ვლადიკავკაზთან დააკავეს და შემდეგ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ის ამბობს, რომ უმძიმეს პირობებში იმყოფებოდა და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხოერციელდებოდა. ამ წუთებში ერიკ დრულევი გორში, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს, სადაც ის სამართალდამცველებს დაკავების დეტალებს მოუყვება.
ერიკ დრულევს ერგნეთში სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დახვდა. ირაკლი ანთაძემ გათავისუფლებულის ოჯახს მიულოცა და განაცხადა, რომ დრულევის დაკავების შემდეგ დაუყოვნებლივ იყო ამოქმედებული „ცხელი ხაზი“ და ყველაფერი გაკეთდა მის დროულად გასათავისუფლებლად.











