სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. საუბარია განცხადებაზე, სადაც პრეზიდენტმა აღნიშნა:
„მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, არ ვიცი ჯგუფური ძალადობა ადამიანებზე, ეს არის არაქართული“.
როგორც ომბუდსმენი აცხადებს, ძალადობა ერთი-ერთზე იქნება თუ ჯგუფური, არის კრიმინალი და ვაჟკაცობა სხვა ღირებულებებში გამოიხატება.
„ერთი-ერთზე იქნება თუ ჯგუფურად იქნება, ძალადობა არის ძალადობა, ეს არის კრიმინალი, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო პირების განცხადებებსა და შეფასებებს. არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი-ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება და მნიშვენელოვანია, რა გზავნილებს გაავრცელებენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები.
ეს მესიჯი ასე აღიქმება, რომ თუ ერთი-ერთზე იქნება ფიზიკური დაპირისპირება, ეს ვთქვათ, უფრო მისაღებია ან ჯდება ქართულ ტრადიციებში. ეს მსოფლმხედველობა არის შესაცვლელი. ძალადობა, ერთი-ერთზე იქნება თუ ჯგუფური, არის კრიმინალი და ვაჟკაცობა არა ძალადობასა და ფიზიკურ დაპირისპირებებში, არამედ სხვა ღირებულებებში გამოიხატება“, -განაცხადა ნინო ლომჯარიამ.










