კლინიკა „ვივამედიში“ დაჭრილი დაცვის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. რთული ოპერაციის შემდეგ ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, მზად არის, საგამოძიებო ორგანოებთან ნებისმიერ დროს ითანამშრომლოს.
„კლინიკის პაციენტის ოჯახის წევრებისა და დაცვის თანამშრომლების დაპირისპირების შედეგად, დაჭრილი დაცვის თანამშრომლის ოპერაციული ჩარევა დასრულებულია. ოპერაცია საკმაოდ რთული და მასშტაბური იყო.
დიდი რაოდენობით სისხლის დანაკარგი დაფიქსირდა, ასევე აღინიშნებოდა ჰემორაგიული შოკი, ამჟამად პაციენტი გადადის რეანიმაციულ განყოფილებაში. ის სტაბილურ მდგომარეობაშია. ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ, საგამოძიებო ორგანოებთან ვითანამშრომლოთ.“ – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, დღეს კლინიკა „ვივამედიში“ გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები შეიჭრნენ და დაცვის თანამშრომელი დაჭრეს.










