რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ “ეხო კავკაზასთან” მიცემულ ინტრვიუში განმარტა თუ რატომ გაუხსნა რუს მშვიდობისმყოფელებს საჰაერო დერეფანი.
“ოფიციალური ერევნისა და ბაქოს თხოვნით საქართველომ რუს მშვიდობისმყოფელებს საჰაერო დერეფანი გაუხსნა. რაც შეეხება საქართველოს მონაწილეობას მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტის ლოგისტიკური უზრუნველყოფის საკითხში, ამ პროცესში გადაწყვეტილების მიღება ხდება ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ამ ეტაპზე, საკითხის აქტუალობისა და მშვიდობის დამყარების შეზღუდული დროიდან გამომდინარე, სომხური და აზერბაიჯანული მხარეების თხოვნით, რუს მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტის ნაწილი, გამონაკლისის სახით, წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში გაემგზავრება მთიან ყარაბაღში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით. ამის შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები“, – აცხადებს აბაშიძე.
9 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. რუსეთის პრეზიდენტის თქმით მხარეები მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.











