“ოპოზიცია ისევ ცდილობს დაბრალებებით გავიდეს ფონს და პროვოკაციებით მიიზიდოს ამომრჩევლის ყურადღება, ის რასაც აბრალებს „ქართულ ოცნებას“ გაურკვეველი წარმოშობის პოლიტიკოსი, მინდა ვუპასუხო, რომ ჩვენ გვაქვს გაფორმებული მომსახურეობის შესყიდვის თაობაზე ინვოისი, შესაბამისად თანხა გადარიცხულია და შესაბამისად შეუძლია ნებისმიერ პარტიას, გადაიხადოს თანხა და გამოიყენოს მომსახურეობა იმ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა, რომელსაც გააჩნია აღნიშნული რესურსი”, – ეს განცხადება “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში ტიტე აროშიძემ გააკეთა.
“ამასთანავე პარალელი მინდა გავავლო, ისევე, როგორც მერიის საკუთრებაში, თვითმართველობის საკუთრებაში არსებულ ბილბორდებს იყენებს ნებისმიერი პარტია თავიანთი პოლიტიკური მიზნებისათვის, როგორც “ქართული ოცნება” , ისე “ნაციონალური მოძრაობა”, “გირჩი”, “ლელო” თუ სხვა პარტიები. ეს არის დაახლოებით იგივე სიტუაცია და ამიტომ კოვზი ჩაუვარდათ ნაცარში პირდაპირ ვიტყვი და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას პირველი ჩვენ ვზღუდავთ არა მხოლოდ მატერიალური თვალსაზრისით და მატერიალური მიმართულებით, არამედ ადამიანური რესურსის გამოყენებითაც. შესაბამისად, ჩვენ არჩევნების პროცესს წავრმართავთ მხოლოდ და მხოლოდ კანონმდებლობის საფუძველზე”,- განაცხადა აროშიძემ.










