ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი გადაიდო.
ფასილიტატორ ელჩებთან 10 დეკემბერს ჩანიშნული შეხვედრა, სავარაუდოდ, ორშაბათს, 14 დეკემბერს გაიმართება.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, მიუხედავად ყველაფრისა, ოპოზიცია მაინც მივა მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე და „თავის სათქმელს იტყვის“.
„მეხუთე რაუნდი როცა დაინიშნება, დაინიშნება. ჩვენ არ ვაპირებთ მაგიდის აყირავებას მიუხედავად „ქართული ოცნების” სრული შემადგენლობის. იმ ერთ ღლაპზე, კობახიძე რომაა გვარად, ნუ დავიყვანთ იმიტომ, რომ კობახიძემ განაცხადა ექსპლიციტურად „ქართული ოცნების“ საერთო პოზიცია, რომ დაიწყოს პოლიტიკური ტერორი ქვეყანაში, რომ აიკრძალოს ოპოზიციური პარტიები, რომ შევიწროვდეს თავისუფალი მედია, რომ დაფინანსება ჩამოერთვას და ყველანაირად შევიწროვდეს ოპოზიცია. ჩვენ ეს მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ ოფიციალური პოზიცია.
მიუხედავად ამისა, თუ ჩაინიშნება მეხუთე რაუნდი, მივალთ და ჩვენ სათქმელს ვიტყვით. ჩვენი სათქმელი რჩება კვლავ იგივე, ბოიკოტი გრძელდება, ვინც არ უნდა გამოაკლდეს. დარწმუნებული ვარ, რომ 11 დეკემბერს და მერეც, მაინც მარტო მოუწევს „ქართულ ოცნებას“ ჯდომა. ჩვენ მივდივართ ჩვენი გზით. ეს გზა რას ნიშნავს – იმ რვა პარტიის მიერ, რომელიც ფორმალურად ბარიერგადალახულად ითვლება, ხელი მოეწერება პარტიული სიების ჩახსნას, ამით „ქართული ოცნება“ დაანებებს ყველა იმ ადამიანს თავს, რომელსაც ატერორებს და ხალიჩის ქვევიდან ეჩალიჩება, რომ შეიყვანოს და თან იძახიან, რომ დიდად არ უნდათ ოპოზიციის ყოფნა. მეორე – კანონით 16-17 დეკემბერს ყველა ის ფორმალურად გასული დეპუტატი ინდივიდუალურად დაწერს განცხადებას და დატოვებს პარლამენტს“, – განაცხადა უგულავამ.








