აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიანი თანხმობის დოკუმენტი სახელწოდებით – თავისუფლების გრაგნილი მიიღეს და ხელმოწერები დააფიქსირეს.
როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებენ, განთავსდება სტენდი, სადაც როგორც პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, ასევე თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მოაწეროს ხელი ამ დოკუმენტს.
„დღეს ყველანი ვთანხმდებით, რომ საქართველოში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. გაყალბების არნახული მასშტაბის მიუხედავად, ხელისუფლებამ მიიტაცა არჩევნები და ხელი შეუშალა დემოკრატიზაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს.
საქართველოში ძალაუფლების წყაროს კონსტიტუციურად წარმოადგენს ხალხი და არავინ სხვა. სწორედ ამომრჩეველთა უმრავლესობამ უარი უთხრა ამჟამინდელ ხელისუფლებას საარჩევნო ყუთებთან თავისი ნების გამოხატვით.
ფაქტობრივად, მივიღეთ პოლიტიკური და სამართლებრივი კრიზისი, რომელზეც პასუხისმგებელი კონსტიტუციური სივრციდან გასული ხელისუფლებაა.
ჩვენ, აჭარაში მოქმედი ყველა პოლიტიკური პარტია, მივიჩნევთ, რომ ყოველთვის უნდა ვემსახურებოდეთ ხალხს.
საზოგადოების უმრავლესობა ითხოვს ხელახალ არჩევნებს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციებით და მათი დაკომპლექტების შეცვლილი წესებით.
ამ მიზნის მისაღწევად კი კონსტიტუციური მეთოდებით ბოლომდე ბრძოლა მიგვაჩნია ერთადერთ სწორ გამოსავლად.
აქვე დავსძენთ, რომ აუცილებელია ხელისუფლებაზე ზემოქმედების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, როგორც პროტესტი, ქუჩის პროტესტი.
აქციებს ვაგრძელებთ ჩვეულებრივად. ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე”- განაცხადა „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ.
შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიციის აქცია 24 საათიან რეჟიმში უკვე სამი კვირა მიმდინარეობს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











