„ორშაბათიდან გრძელდება ჩვენი წერტილოვანი შეზღუდვების მოხსნის ეტაპობრივი სტრატეგია, იხსნება ღია სივრცეებში სარესტორნო ბიზნესი, კაფეები და რესტორნები მთელი საქართველოს მასშტაბით განაახლებენ მუშაობას”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, კვლავ რჩება ღამის საათებში შეზღუდვა ძალაში და არა მარტო სარესტორნო ბიზნესისთვის, არამედ ყველასთვის. ასევე ძალაში რჩება შაბათ-კვირის შეზღუდვა როგორც რესტორნებისთვის, ასევე სავაჭრო ობიექტებისთვის, ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენ დავიცვათ ეტაპობრიობის პრინციპი, იმიტომ, რომ ერთი მხრივ ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, რადგან კონტროლს ექვემდებარება ეპიდემიოლოგიური ვითარება და მეტ-ნაკლები სტაბილიზაცია გვაქვს, მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ ერთიანად ყველაფერი რომ გავხსნათ და მოვხსნათ ყველა შეზღუდვა, ამან შეიძლება გამოიწვიოს ნეგატიური შედეგი.
ჩვენ კარგად გვესმის რესტორნების წუხილი, მათ უნდათ მეტი და არა მარტო ღია, არამედ დახურული სივრცეების გახსნაც, შაბათ-კვირისა და საათების შეზღუდვის მოხსნაც, გასაგებია ეს ბიზნესის თვალსაზრისით, თუმცა მათი პირველი მტერი არის პანდემია. ჩვენი შეზღუდვები მათ შორის რესტორნებსაც იცავს, რომ იმ თვალსაზრისით, რომ მეორე დღეს ჩვენ არ მოგვიხდეს ლიბერალიზაციის პოლიტიკის უკან გამოთხოვა და კვლავ შეზღუდვების დაწესება. ჩვენ მათთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.











