“ქართულმა ოცნებამ” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკურ მოთამაშეებად, შესაძლოა, ყოფილი მინისტრები დავით სერგეენკო და სოზარ სუბარი გამოიყვანოს.
„ქართულ ოცნებაში“ არც უარყოფენ და არც ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ყოფილი მინისტრები, შესაძლოა, მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები იყვნენ.
როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ზაზა პაპუაშვილმა “პრაიმტაიმნიუსთან” განაცხადა, არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, სერგეენკო და სუბარი „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას მოუტანენ.
„თუ სერგეენკო და საუბარი კანდიდატები იქნებიან, ისინი “ოცნებას” გამარჯვებას მოუტანენ. დავით სერგეენკოს ცოტა აქვს თავის სფეროში გაკეთებული ან სოზარს?! როდესაც ჩვენს ქვეყანაში ყოფნა არ ყოფნაზე იყო საუბარი, როგორი პოზიცია ეჭირა სუბარს, როგორც სახალხო დამცველსა და პიროვნებას. რამე აქვთ მათ ისეთი, რომ გამოჩენა რცხვენოდეთ?! – არამგონია.
ისინი აბსოლუტურად სუფთა ბიოგრაფიის მქონე ადამიანები არიან და ქვეყნისთვის და თავიანთ ხელობაში საკმაოდ ბევრი რამე აქვთ გაკეთებული. ასე, რომ ისინი ხელცარიელები, უცნობები და სახელგატეხილები არ არინ – პირიქით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარები ყოფილი მინისტრები დავით სერგეენკო და სოზარ სუბარი იქნებიან. თუმცა ამ ინფორმაციას, “პრაიმტაიმნიუსთან” ყოფილი მინისტრები, ჯერჯერობით, არ ადასტურებენ.
ინფორმაციისთვის, იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგი არ შეცვალა, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარლამენტში 30 მაჟორიტარი და 120 პროპორციულ სიაში შესული დეპუტატი შევა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











