მთავრობა დღევანდელ სხდომაზე ოზურგეთის რაიონის 49 სოფლის ინტერნეტიზაციის საკითხზე იმსჯელებს. ამის შესახებ სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დღეს ვიმსჯელებთ, ეს იქნება ოზურგეთის რაიონის 49 სოფლის ინტერნეტიზაცია. ეს იქნება მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდება. ეს კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ჩვენ ეპიდემიამ და კრიზისმა დაგვანახა.
მაღალი ხარისხის ინტერნეტი თითოეულ ქართულ სოფელში ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სწრაფად გადასაწყვეტი ამოცანა.
ეს უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრების აუცილებლობა ხდება იმისთვის, რომ ფერმერებმა ნორმალურად იმუშაონ, იმისთვის, რომ ჩვენმა ბავშვებმა, ნორმალურად რომ მიიღონ განათლება და ცხოვრების ჩვეულებრივი დონე, ისეთი როგორიც არის ქალაქში მივიტანოთ სოფლად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.











