ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საერთაშორისო შეფასებებით საქართველოში 72 პროცენტზე არის ასული უნივერსალური პირბადის სწორი მოხმარება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებისა და მასზე კონტროლის შენარჩუნებისთვის სხვა გზა, გარდა შეზღუდვების, ასევე აუცილებელი რეკომენდაციების დაცვისა, არ არსებობს.
როგოც იმნაძემ გადაცემაში სტუმრად ყოფნისას აღნიშნა, საქართველოში პირბადის მოხმარების მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა საკმარისი არ არის.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საერთაშორისო შეფასებებით საქართველოში 72 პროცენტზე არის ასული უნივერსალური პირბადის სწორი მოხმარება. რა თქმა უნდა, ვირუსის ახალი შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ კატასტროფული მატება არ იქნება. რატომღაც, ძალიან ბევრს უკვე დაავიწყდა, ორი თვის წინ რა ხდებოდა საქართველოში. ვიმეორებ, მთავარი და ძირითადი შეზღუდვების მოხსნის პერიოდში იქნება პირბადეების ტარების კიდევ უფრო მომატება. თუ ამას არ მივეჩვიეთ, სამწუხარო რეალობაა, რომ ვირუსთან ერთად ცხოვრება საკმაოდ დიდხანს მოგვიწევს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.











