დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ რთულია.
მისი განმარტებით, შემთხვევების რაოდენობის კლება არის, თუმცა ტემპი ნელია და რეგულაციების მოხსნამ შესაძლოა, კლების ტენდენცია კიდევ შეანელოს.
იმნაძე ყველაზე დიდ მნიშვნელობას კვლავ აცრას ანიჭებს და ამბობს, რომ იქ, სადაც აცრილი ადამიანები არიან, სიკვდილიანობა აღარ არის.
„მილიონ მოსახლეზე თუ გადავიანგარიშებთ, დღეს საქართველოზე მეტია ავადობა ისრაელსა და აშშ-ის ზოგიერთ შტატში, ბრიტანეთში კი, საქართველოს მსგავსი, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ამ ქვეყნებში უკვე ბევრი ხალხია აცრილი და შესაბამისად, სიკვდილი აღარ არის. სიკვდილი აღარ არის და აი, ეს არის მთავარი და განმსაზღვრელი. იქ, სადაც არიან აცრილი, ადამიანები აღარ კვდებიან“, – განაცხადა იმნაძემ.
ცნობისთვის, 11 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით 57 ადამიანი გარდაიცვალა.











