მოსამართლე მამუკა წიკლაურმა, 37 წლის ვისური მუთოშვილის მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებასა და მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში ბრალდებულ არბი ქავთარაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო რუსლან მუთოშვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ, რამზან ხანგოშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განაჩენის გამოტანამდე, სასამართლო პროცესი მხარეების კამათით დაიწყო.
დასკვნით სიტყვაში, საქმის პროკურორმა, დანაშაულის ჩადენის გარემოებები აღწერა და განაცხადა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა არბი ქავთარაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა 37 წლის ვისური მუთოშვილი და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ცეცხლსასროლ იარაღს, ხოლო რამზან ხანგოშვილმა რუსლან მუთოშვილის მკვლელობა სცადა.
დაცვის მხარის მტკიცებით, ვისური მუთოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, გარდაცვლილისათვის მხოლოდ სხეულის დაზიანების განზრახვა ჰქონდა, ხოლო, მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს, დაპირისპირების არცერთი მონაწილისათვის არ უსვრია.
ამ გარემოებებზე დაყრდნობით, დაცვის მხარე, არბი ქავთარაშვილის დასჯას სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დასჯას, ხოლო, რამზან ხანგოშვილის მიმართ, გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა.
სასამართლომ დაცვის მხარის პოზიცია არ გაიზიარა და ბრალდებული პირები წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო.
დაცვის მხარე სასამართლოს განაჩენს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











