ვითვალისწინებთ ჩვენი თანამოქალაქეების პრობლემებს, რომლებმაც შეიძინეს ბილეთები და დროულად სურთ ჩამოსვლა, ჩვენ მოვახერხებთ და ეს რეისი, როგორც დაგეგმილი იყო, 7 ივლისს შესრულდება“ – ამის შესახებ ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პოსტ ტვ“-ის ეთერში განაცხადა.
მინისტრის თქმით, იმის გამო, რომ პარიზი-თბილისის ავიარეისი დაიგეგმა მთავრობის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე, „აირზენამ“ მიიღო საყვედური.
„კარგად გვესმის „აირზენასიც,“ რომელსაც 900 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და ფრენები არათუ გაუნახევრდა, 20 პროცენტიც არ დარჩა.
მას ძალიან სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და ეს ყველაფერი კარგად გვესმის, რადგან კომპანიას ჯერ კიდევ მაშინ მიადგა დარტყმა, როცა შარშან, 20 ივნისის მერე, რუსეთმა შეწყვიტა პირდაპირი ფრენები, სადაც ძირითადი სიხშირეები „აირზენასი“ იყო.
შესაბამისად, მეორე წელია, ავიაკომპანიას სერიოზული დარტყმა ადგება პერმანენტულად, ამ დროს კი ჩვენ მას ვაკისრებთ დამატებით პასუხისმგებლობას.
ჩვენთვის მთავარია, რომ არსებული გამოწვევების დროს რეისები იყოს შეთანხმებული, რომ მაქსიმალურად დავიცვათ მგზავრთა უსაფრთხოება და ინტერესები“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავას თქმით, როდესაც მთავრობამ დაიწყო საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების პროგრამა, „აირზენამ“ რეისები შეასრულა მთავრობასთან შეთანხმებით, სადაც 200 ევროს არ აღემატებოდა ბილეთის ფასი და ის იყო სუბსიდირებული.










