დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევაზე არსებული ჯარიმების ოდენობა იზრდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა
მისი თქმით, პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმას ვინც 10 სამუშაო დღეში გადაიხდის მას 20%-ით გადასახადი შეუმცირდება.
„ცვლილებების თანახმად, ტაქსისთვის განკუთვნილ ადგილზე, სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირება – 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარით დაჯარიმდება.
აღნიშნული სივრცეები მხოლოდ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის არის გამოყოფილი; ელექტრომობილების დამუხტვისთვის განკუთვნილ ადგილებზე, სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირებაზე ჯარიმა ამ შემთხვევაშიც, 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარი გახდება;
პარკირების ადგილებზე სხვადასხვა რაიონებში განსაკუთრებით ცენტრალურ ქუჩებზე, გვქონდა შემთხვევები, რომ ავტომობილები იყვნენ თვეობით გაჩერებული და სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდნენ მოსახლეობას, აქაც ჯარიმა 10 ლარი იყო და გახდება 100 ლარი და განმეორებით შემთხვევებზე იქნება 200 ლარი.
არის ავტომობილები, რომლებიც წლობითაა ქუჩაში მოტოვებული. ეს სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. შესაბამისად, ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, მხოლოდ სამი თვით გააჩერონ ავტომობილი კონკრეტულ ადგილზე. თუ მეტი დრო იქნება ასეთი ავტომობილის მესაკუთრე 50 ლარით დაჯარიმდება.
ამკრძალავი ნიშნის – „გაჩერება აკრძალულია“, ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობისას, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან, ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან გაყვანაზე, იცით რომ ჩვენ შეგვიძლია მანქანის გადაყვანა და ამას ემატება საბურავებზე სპეციალური ჩამკეტის დაყენება. პარკირების წესების დარღვევაზე, საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობაზე ან ჩაბარებაზე უარის თქმისთვის, საჯარიმო ქვითარი ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება. ამას შსს იყენებს.
პარკირების წესების დარღვევაზე, ვინც არ იბარებდა ქვითარს, ამისთვის საჯარიმო ქვითარი ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდება.
თუ პირი პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმას 10 სამუშაო დღეში გადაიხდის, მას 20% შეუმცირდება გადასახადი“, – განაცხადა კახა კალაძემ.











