პარლამენტის ბოიკოტი ხელს არ უწყობს ფუნქციურ დემოკრატიას,- ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟოზეფ ბორელმა ყურადღება გაამახვილა პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის აუცილებლობაზე და დიალოგისკენ მოუწოდა მხარეებს.
„ყველა პოლიტიკურ პარტიას ვთხოვთ, რომ ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენოს და კომპრომისზე წავიდნენ.
ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირი გამუდმებით იმეორებდა, ყველა პოლიტიკური მოთამაშე ერთ პლატფორმაზე უნდა მოექცეს და არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში უნდა მოახერხოს ურთიერთობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ქვეყანა ებრძვის კორონავირუსს და სამომავლოდ ფართომასშტაბიანი რეფორმები აქვს გასატარებელი”, – განაცხადა ბორელმა.











