პარლამენტის წევრს, რომელიც მორიგი სესიის კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზითყველა პლენარულ სხდომას გააცდენს, ხელფასი სრულად დაუკავდება.
პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ეს ცვლილება იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ნაწილია, რომლის ინიციატორებიც “ქართული ოცნების“ დეპუტატები – ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი და დავით მათიკაშვილი არიან.
პარლამენტის წევრის ხელფასის დაკავებასთან დაკავშირებით მოქმედი რეგლამენტი ადგენს, რომ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, პარლამენტის წევრისათვის ერთჯერადად დაკავებული ხელფასის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელფასის 50%-ს. ამასთან, კონსტიტუციისა და რეგლამენტის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი პარლამენტის მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს, ეს მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია.










