დადგენილების პროექტს, რომელიც საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასებას შეეხება პარლამენტში მხოლოდ 19-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. შესაბამისად, კანონპროექტი ჩავარდა.
დადგენილების პროექტის ინიციატორები ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე და ნატო ჩხეიძე არიან.
კანონპროექტი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- აღიარებული იქნას სასამართლოში არსებული სისტემური პრობლემა კლანური მმართველობის სახით;
- შეიქმნას სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი კომისია, რომლის შემადგენლობაში შევლენ როგორც საპარლამენტო, ასევე, არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები;
- კომისიამ 2020 წლის 1-ელ თებერვლამდე შეისწავლოს სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა, განსაკუთრებით, კლანური მმართველობის კუთხით და წარმოადგინოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების გეგმა, ასევე, საკანონმდებლო წინადადებები კლანური მმართველობის და მისი ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის მიზნით;
- 2020 წლის 20 აპრილამდე საქართველოს პარლამენტმა მიიღოს საკანონმდებლო ღონისძიებები სასამართლოში არსებული კლანური მმართველობის დასრულების და სასამართლო სისტემის რეალური რეფორმირების მიზნით.











