პარლამენტთან გამართულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ დაწერილი წერილი წაიკითხეს.
წერილში ნიკა მელია აქციის მონაწილეებს მიმართავს და ამბობს, რომ ხალხის ერთიანობით მოწინააღმდეგეს „გეგმები ჩაეშლება“.
„მოგესალმებით თანამბერძოლებს, თავისუფლების მოყვარე ხალხს, მოგესალმებით და მიხარია, რომ აქ ხართ მიხარია, რომ ერთად ვართ დ არ ვნებდებით. ჩვენი მიზანი არ არის ერთი ადამიანის გამარჯვება, ჩვენი მიზანია საქართველოს გამარჯვებაა. ჩვენი მიზანი განვითარებული საქართველოა, სადაც ადამიანები ბედნიერად იცხოვრებენ.
ხანდახან ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც ადამიანს დაღლა ან იმედგაცრუება გეწვევა, მაგრამ მე ამ ოთხ კედელშიც კი ვგრძნობ, რომ ყოველი ახალი სირთულე, ყოველი ახალი გამოწვევა მეტ ძალას, მეტ ენერგიას, მეტ შემართებას მმატებს. ჩვენ გვაქვს ძალა, ჩვენ გვაქვს ნება, მიზანი და მოტივაცია, მშვიდობიანად დავძლიოთ ქვეყანაში მიმდინარე პოლარიზაციის პროცესი. გვქონდეს უკეთესი საქართველო და თავისუფლება. ვიცი, რომ ათასობით პატრიოტის პროტესტი ქუჩებში ჩაშლის მოწინააღდეგის ყველა გეგმას. დღეს თბილისის ქუჩებში დგას მებრძოლი საქართველო, რომელიც მოიპოვებს საბოლოოდ თავისუფლებას. დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც 23 თებერვლის უკანონო ძალისმიერი შტურმის დროს, მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისას გამოიჩინა მაქსიმალური მოთმინება და სიმტკიცე ქვეყნის სასიკეთოდ. ვინც იცავდა თავისუფლებას.
დღეს საკნის ოთხი კედელი თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაა და მე არასდროს ვყოფილვარ ასეთი თავისუფალი, როგორც ახლა. ჩემთვის და ჩვენთვის, თავისუფლება არ ღირს 40 ათასი ლარი“,- ნათქვამია ნიკა მელიას წერილში.
ცნობისთვის, ამ წუთებში პარლამენტთან ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ.










