პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა ორი აქტივისტი დააკავეს.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, აქციის მონაწილეები პოლიციამ საბჭოთა სიმბოლიკის დახატვის გამო დააკავა.
„ეს იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური პროტესტი „ქართული ოცნების“ მხრიდან ფაქტობრივად, გავრილოვის კიდევ ერთხელ ჩამოყვანის წინააღმდეგ, როდესაც გუშინ რუსებთან ერთად აბაშიძემ დაგმო გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებული პროტესტი. აქ დროებით კედელზე ვაწერთ „20%“ და საბჭოთა სიმბოლიკას და ამის გამო აკავებენ აქტივისტებს. ამაში ახალი არაფერი არ არის, პროტესტს ვერ გააჩერებენ და საბოლოოდ მაინც მიიღებენ იმას, რაც ეკუთვნის მოღალატეობრივ ხელისუფლებას“, – განაცხადა ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარიას ინფორმაციითვე, ერთ-ერთი დაკავებული, ნათია ლეთოდიანი 20 ივნისის აქციაზე თვალდაკარგული კაცის შვილია.











