პატრიოტთა ალიანსის დაფინანსების შესახებ ინფორმაციაზე ნორმალური ქვეყანა გამოძიებას უკვე დაიწყებდა – ამის შესახებ დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
„არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში განსაკუთრებული რა მცდელობა სჭირდება რუსეთს, რომ საქართველოს არჩევნებში ჩაერიოს. არაერთხელ მაქვს ნათქვამი, რა მოხდა 2016 წელს – გამიყალბეს არჩევნები, ხმები წამართვეს, დამტოვეს მე და ჩემი პოლიტიკური ძალა პარლამენტს გარეთ და ამ დროს რა ხდებოდა პატრიოტთა ალიანსთან მიმართებაში. 3 დღე ითვლიდნენ ხმებს და როგორც იქნა, გადაალახინეს ბარიერი.
პატრიოტთა ალიანსი თავად უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ნათელი მოეფინოს ამ ბრალდებას და ნებისმიერი ნორმალური ქვეყანა უკვე დაიწყებდა გამოძიებას ასეთ ბრალდებასთან დაკავშირებით. მარტო იმ შემთხვევში კი არა, როცა რუსეთზეა საქმე, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყანა, არამედ იმ შემთხვევაშიც, თუ ეს იქნებოდა მეგობარი სახელმწიფო.
იმიტომ რომ კანონით აკრძალულია უცხო სახელმწიფოდან დაფინანსების მიღება. პროკურატურა რომ ადგილზე იყოს და ქვეყანა რომ არსებობდეს, გამოძიება უკვე დაწყებული უნდა იყოს.“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ზუსტად ერთი წლის წინ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, მოსკოვში ვიზით იმყოფებოდა. მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მედიასთან კომენტარიც გააკეთა და განაცხადა, რომ შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ახალ მოადგილეს, რომელთანაც ყველა იმ თემაზე ისაუბრა, რომელიც რუსულ-ქართულ ურთიერთობებს ეხება და რუსეთი არ აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას.
შეგახსენებთ, ევროპულმა საქართველომ დღეს, 25 აგვისტოს, როკურატურას მიმართა განცხადებით, გამოიძიოს პატრიოტთა ალიანსის დაფინანსების საკითხი.
ინფორმაცია, რომ პატრიოტთა ალიანსს წინასაარჩევნოდ კრემლი პირდაპირ ეხმარება, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია დოსიემ 24 აგვისტოს გაავრცელა.
ცენტრ დოსიეს მიერ ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ პატრიოტთა ალიანსს საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.
ორგანიზაციას ხელში ჩაუვარდა პოლიტტექნოლოგ სერგეი მიხეევის მიერ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნილი სამუშაო დოკუმენტი, რომელიც პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო კამპანიის მომზადებას ეხება.
როგორც ანგარიშგებაშია აღნიშნული, პროექტის მიახლოებითი ღირებულება 700 ათას დოლარს შეადგენს, რაშიც შედის მგზავრობის, ტრანსპორტისა და საცხოვრებელი ხარჯები.











