დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დღეიდან, 15 ივნისიდან რისკჯგუფების ჩამონათვალი ფართოვდება და უფრო მეტ ადამიანს ჩაუტარდება PCR ტესტი.
ამასთან გამყრელიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება უფრო მეტ ადგილზე იქნება შესაძლებელი.
„დამტკიცდება ახალი დადგენილება მთავრობის, რომელიც შეეხება PCR-ტესტირებას და ზოგადად ტესტირების გაფართოებას ქვეყანაში. ჩვენ სადღაც, საშუალო მაჩვენებელი თებერვალში, როდესაც ვიწყებდით დღიური გვქონდა 27, მარტში გვქონდა 73, აპრილში უკვე ავედით 473-მდე და მაისში და ივნისში დღიურად ვართ 1080-1500-ის ფარგლებში.
რაც სერიოზული გაფართოებაა, აპრილთან მიმართებაში. ანუ დღეიდან უფო მეტი რისკ ჯგუფი ერთვება ტესტირებაში. რადგან ადრეულ ეტაპზე იქნება გამოვლენილი ყველა ინფიცირებული.
დღეს ნებისმიერი ტემპერატურით ადამიანმა აუცილებელია მიმართოთ შესაბამის ცხელების ცენტრებს და ხვალ ზეგიდან იქნება შესაძლებლობა მიმართოთ 25 პოლიკლინიკურ საქართველოს მასშტაბით, სადაც მათ ამბოლატორიულ პირობებში ჩაუტარდებათ PCR ტესტირება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი ლაბორატორიულად 879 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 704 განიკურნა, 14 კი გარდაიცვალა.











