იანვრის ბოლოს Pfizer-ის ვაქცინასთან დაკავშირებით საქართველო პირველ გადაწყვეტილებებს ელის, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, Pfizer-ის ლიმიტირებულ დოზებთან დაკავშირებით პირველ გადაწყვეტილებებს 29 იანვარს ელის.
„გუშინ დამტკიცდა ქვეყანაში ვაქცინაციის დანერგვის გეგმა – ველოდებით 29 იანვარს პირველ გადაწყვეტილებებს Pfizer-ის ლიმიტირებულ დოზებთან დაკავშირებით. გუშინწინ ასევე წერილი მოვიდა COVAX-დან: პირველი 500 000 დოზის პირველ კვარტალში შემოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება, დიდი ალბათობით, AstraZeneca-ს ვაქცინა.
AstraZeneca-ს ვაქცინას სჭირდება 2-8 °C იგივე ცივი ჯაჭვი, რითიც თქვენი შვილები, ან თქვენ იცრებით, ის მოხდება ჩვეულებრივ იმუნიზაციის ცენტრში, პირველადი ჯანდაცვის ქსელში – ასეთია დაახლოებით 300-ზე მეტი ადგილი, სადაც ხდება ბავშვების და მოზრდილების აცრა. მაგრამ იცით, რომ წელს ჩვენი სამიზნე არის დაახლოებით 1 700 000-მდე ადამიანის აცრა, როცა უფრო დაგვჭირდება და ეს იქნება უკვე გვიან გაზაფხულზე, კიდევ მეტად გაფართოვდება ამცრელი ბრიგადები“,- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.











