Pfizer-ის ვაქცინა სამ დიდ ქალაქში (6 კლინიკაში) გადანაწილდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, Pfizer-ის ვაქცინის დოზები 14 ათასი ადამიანისთვისაა განკუთვნილი.
„დიდხანს ველოდეთ „ფაიზერის“ ვაქცინას და ის არის საქართველოში. დოზა უცვლელი შემოვიდა, ის რაოდენობა, რომელსაც ველოდით – 29500 ცალი. ეს დოზები იქნება გამოყენებული 14 ათასი პირისთვის, გამომდინარე იქედან, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაციის პერიოდი განსაზღვრული პირველი ვაქცინის შემდეგ 3-4 კვირაში, მეორე ვაქცინამდე. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყეტილება, რომ ამ დოზების გაყოფა მოხდება და არ მოხდება როგორც „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში“ მეორე ნაკადზე დალოდება. რისკი არ შეექმნება ჩვენს მოქალაქეებს ამით.
ეს ვაქცინა გადანაწილებული იქნება სამ დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში – ერთი კლინიკა ბათუმში, ერთი – ქუთაისში და 4 – თბილისში. თბილისის კლინიკებია – ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, ამტელის კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი, ბათუმში – რესპუბლიკური საავადმყოფო, ქუთაისში – ცხაკაიას სახელობის „ევექსის“ კლინიკა“, – განაცხადა ტიკარაძემ.










