„ფაიზერის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს, დღის ბოლოდან გაიხსნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინირებული პირები მეორე დოზის გაკეთებას მხოლოდ იმ დაწესებულებებში შეძლებენ, სადაც პირველი დოზა გაიკეთეს.
„დღეს, დღის ბოლოდან გაიხსნება რეგისტრაცია და მიიღებენ შეტყობინებას რეგისტრაციასთან დაკავშირებით. „ფაიზერის“ დოზები გადანახულია, არაფერს ველოდებით და ამდენად, ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.
რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, არ გასულა ჯერ 8 კვირა. 15 მარტი იყო ყველაზე ადრეული პერიოდი, როდესაც „ასტრაზენეკას“ პირველი დოზის ვაქცინაცია ჩატარდა, ამდენად, 15 მაისი არის პერიოდი, თუ 8-კვირიან პერიოდზე შევთანხმდებით, დაიწყოს განმეორებითი დოზების გამოყენება და ამასთან დაკავშირებითაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გაავრცელებს ინფორმაციას“, – განაცხადა გაბუნიამ.











