მზად ვარ მოსკოვში გავემგზავრო და ილჰამ ალიევს შევხვდე,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ინფორმაციას TASS-ი ავრცელებს.
„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს. ეს ჩვენი პოზიციაა. სამწუხაროდ, აზერბაიჯანი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. მზად ვარ ძალისხმევა არ დავიშურო ამ შედეგის მისაღწევად, მათ შორის მოსკოვში გავემგზავრო და ილჰამ ალიევს შევხვდე“, – განაცხადა ფაშინიანმა.
თავის მხრივ, ალიევი აცხადებს, რომ ოფიციალური ბაქო მზად არის, სომხურ მხარესთან მოლაპარაკებები მოსკოვში ან ნებისმიერ სხვა ადგილას გამართოს.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა 27 სექტემბრიდან დაიძაბა.
9 ოქტომბერს აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.
მათ შორის კიდევ ერთი სამშვიდობო შეთანხმება ძალაში 18 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე შევიდა.
თუმცა, ის კვლავ დაირღვა და აზერბაიჯანი და სომხეთი ამაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.











