ფერიის ბავშვთა სახლში 25 არასრულწლოვანსა და რამდენიმე დასაქმებულს კორონავირუსი დაუდასტურდა.
აჭარის ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, COVID-19 პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დკსჯეც-თან შეთანხმებით ფონდი გადავიდა აქტიური ეპიდზედამხედველობის ინდივიდუალურ რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს მათზე მორგებული ეპიდრეჟიმის დაცვას.
მთელი ამ დროის განმავლობაში იყო მუდმივი კომუნიკაცია დირექციასა და საზჯანდაცვას შორის.
„თანამშრომელთა და აღსაზრდელთა მორიგი ტესტირების დროს გამოვლინდა შემდეგი: რამდენიმე ბენეფიციარს გამოეხატა რესპირატორული სიმპტომები და სწრაფი ტესტირებით განესაზღვრათ დადებითი შედეგი, რის შემდგომაც ყველა მათგანი მყისიერად გადაყვანილი იქნენ კოვიდ-სასტუმროში. განხორციელდა მთელი კონტიგენტის გამოკვლევა და ყველა საეჭვო შემთხვევაში ხდებოდა განმეორებითი ტესტირება, რის შედეგადაც გამოვლინდა დამატებით შემთხვევები“, – აცხადებენ უწყებაში.
დღეის მდგომარეობით ჯამურად ფიქსირდება 32 შემთხვევა, მათგან 7 მოზრდილი და 25 ბავშვი.
აქედან 30 არის კოვიდ-სასტუმროში, 1 სტაციონარში,1 ოჯახში.
პანსიონში ჰიგიენური ნორმები დაცულია. შედარებით მაღალი რისკის მქონე კონტაქტები იზოლირებული არიან. პედიატრების მეთვალყურეობით მიმდინარეობს უწყვეტი ზედამხედველობა; ბავშვებს და თანამშრომლებს ყოველდღიურ რეჟიმში უგრძელდებათ თერმოსკრინინგი და გამოკვლევა/გამოკითხვა სიმპტომების გამოვლენის თაობაზე.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











