ხომ არ არის უხერხული ერთ პარტიაში იმ საქმის პროკურორთან ერთად ყოფნა, რომელზეც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ეთერით ფიქრია ჩიხრაძე ხშირად საუბრობდა და სასამართლოსა და საგამოძიებო უწყებას აკრიტიკებდა? – „პრაიმტაიმნიუსის“ კითხვას თავად „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე პასუხობს.
მიუხედავად იმისა, რომ ვალერი გრიგალაშვილი „ლელოს“ საპარლამენტო საარჩევნო სიაში არის, ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ ვალერი გრიგალაშვილზე, როგორც პროკურორზე მეტი პასუხისმგებლობა სასამართლოს ჰქონდა.
ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ მისი პარტიაში ყოფნა, შესაძლოა გარკვეულ უხერხულობასაც იწვევდეს. თუმცა, ამბობს, რომ გრიგალაშვილის წინააღმდეგ არცერთი გამამტყუნებელი განაჩენი არ არსებობს და ის „ლელოში” თავისი ინიციატივით მივიდა…
„ვალერი გრიგალაშვილი ბორჯომის ორგანიზაციის ოფისის წარმომადგენელია „ლელოში“. როგორც რეგიონული კვოტა, ისე აღმოჩნდა ჩვენს სიაში. რაც შეეხება მის წარსულ მოღვაწეობას, ძალიან სერიოზული კითხვები და პროტესტი იყო მის პროკურორობასთან დაკავშირებით, მაგრამ განსაკუთრებული პროტესტი გვქონდა სასამართლოსთან.
ერთია, რას იძიებს პროკურატურა და მეორეა რა გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. იმის ფონზე, რომ მთელი სასამართლო შემადგენლობა სტრასბურგგამოვლილი განაჩენების აღმასრულებლები იყვნენ და ისინი დღეს, სასამართლო სისტემაში წამყვან ძალად გვევლინებიან, ასეთ დროს, ერთი კონკრეტული პროკურორის ბრალის ძიება მხოლოდ პოლიტიკური თემა იქნებოდა.
ხელისუფლებამ ბევრი დრო გაუშვა, წლობით კი არ შემოდებულიყო საქმეები თაროზე, არამედ – ხელისუფლების ცვლილებიდან მალევე, სამართლიანობა აღდგენილიყო, როგორც თავად ამბობდნენ და ხალხს ჰპირდებოდნენ.
– სულხან მოლაშვილის საქმეს რომ დავუბრუნდეთ, პროკურორის ფაქტორი არაფერს ნიშნავდა, განსხვავებით მოსამართლისგან?
– სასწორზე ასაწონად რთულია, ვისი როლი უფრო მძიმეა, მაგრამ ფაქტია, მთელი სიმძიმე სასამართლოზე მოდიოდა. შესაძლოა, გამოძიებამ შეცდომები დაუშვას, მაგრამ სასამართლო იმისთვისაა, რომ ყველა მხარეს მოუსმინოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.
– როგორ ფიქრობთ, მოლაშვილის საქმეში პროკურორის შეცდომები იყო, თუ სასამართლო სისტემასთან თანამშრომლობის შედეგი?
– მთლად შეცდომას ვერ დავარქმევდი. ალბათ, ეს სისტემური პრობლემები, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში არსებობდა და ეს ბევრი მიმართულებით გამოვლენილი იყო, მათ შორის – პროკურატურაში, პარლამენტში, მედიაში. ჩვენი ამოცანაა – ასეთი სისტემური დაკვეთებისგან იქნეს სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების გათავისუფლება.
ეს რეფორმა უცხოეთში განათლებამიღებული ახალგაზრდების მასიური მოსვლით უნდა განხორციელდეს, იმიტომ, რომ სისტემამ დააზარალა ისინი, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ მონაწილეობდა.
– საუბრობთ ახალ სახეებზე, სისტემის ცვლილების აუცილებლობაზე… ამის გათვალისწინებით, უხერხული ხომ არაა ისეთი გახმაურებული საქმის პროკურორის ყოფნა „ლელოს“ სიაში, როგორიცაა ვალერი გრიგალაშვილი?
– შესაძლოა, იყოს ამ მხრივ გარკვეული უხერხულობა… ჩემთვის არის ასეთი პრობლემა, მაგრამ არ მინდა, ყველა იმ ადამიანზე, რომლებიც იმ სისტემაში იყვნენ, სტიგმა ვრცელდებოდეს და აღარ შეეძლოთ ყოფნა. ეს სტიგმა სწორედ იმათზე უნდა ვრცელდებოდეს, ვინც საკვანძო თანამდებობებზე იმყოფებოდნენ და ამ სისტემაში აღარ უნდა იყვნენ. დარწმუნებული ვარ, ვალერი გრიგალაშვილიც ამ სისტემაში, ყოველ შემთხვევაში „ლელოს“ განზრახვა არაა, რომ ის ამ სისტემაში იყოს.
რაკი მის მიმართ არცერთი გამამტყუნებელი განაჩენი არ არის, ვერ ავუკრძალავთ ადამიანს არსებობას და ცხოვრებას. მან რაიონულ ორგანიზაციაში აქტიურობა გადაწყვიტა და სწორედ ამ ნიშნით აღმოჩნდა ის და არა რომელიმე სამართალდამცავ ორგანოში თანამდებობაზე არ არის.
– ვალერი გრიგალაშვილის „ლელოს“ რიგებში ყოფნა, ლიდერებს შორის აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი იყო?
– მესმის ინტერესი, მაგრამ მგონია, რომ აბუქებთ ამ თემას… ვალერი გრიგალაშვილი საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელია. „ლელოს“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები ჯერ არ ჰყავს არჩეული, ამაში პანდემიამ ხელი შეგვიშალა. ამიტომ, ეს მომავალი წლისთვის გადავდეთ. როცა რაიონულ ორგანიზაციებში ლიდერები შეირჩევა, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება.
– თვითონ გამოთქვა სურვილი ყოფილიყო „ლელოში“ თუ პარტიამ შესთავაზა მას?
– როგორც ვიცი, თავად გამოთქვა ამის სურვილი.











