ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, NGO-ების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ.
შეხვედრის დაწყებამდე ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა:
„დღეს ჩვენ ვხვდებით „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წევრებს. ეს არის ის ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში არიან ჩართულები სასამართლო რეფორმაში და ძალიან კარგად იციან ყველა ის ხარვეზი და ჩავარდნა, კარგი მიზნებით დაწყებული რეფორმები, თუ როგორ მიდის მერე არასწორი გზებით და ამიტომ, დღეს ვართ სასამართლოსთან მიმართებით იმ უმძიმეს კრიზისში, რომელშიც ვართ უკვე არაერთი წელია.
ამ ადამიანებთან შეხვედრა ჩვენთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი წლებია იბრძვიან სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის, არამედ იმიტომ, რომ მათ აქვთ ძალიან კონკრეტული ხედვები და რეცეპტები, როგორ უნდა განხორციელდეს შეთანხმების ფარგლებში განსაზღვრული საკითხები იმგვარად, რომ ეს რეალურად მოემსახუროს შეთანხმებაში გაწერილ მიზანს, სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ სვლას,“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.











