„ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება. „ფრონტერასთან“ დაკავშირებით ქართული მხარის სიმართლე საერთაშორიო აბიტრაჟმა დაადასტურა“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმად საქართველოს მთავრობა „ფრონტერასთან“ კონტრაქტს აღარ შეწყვეტს.
„საერთაშორიო აბიტრაჟმა მხარი დაუჭირა ქართული მხარის ყველა მოთხოვნას, რის შედეგადაც კომპანიას დაეკისრა სასამართლოსთან დაკავშირებული საფასურის ანაზღაურება, ეს არის 6 მლნ დოლარი და მხოლოდ ეს ფაქტიც ადასტურებს, რომ „ფრონტერამ“ ეს დავა წააგო, რადგან წაგებულ მხარეს ეკისრება ხოლმე სასამართლოს ხარჯების ანაზღაურება.
„დაეკისრა ძებნა-ძიების არეალის 99%-მდე დაბრუნება სახელმწიფოსთვის და „ფრონტერამ“ წერილობით გაცნობა, რომ ამას გააკეთებს. ჩვენ შეგვექმნა სრული საფუძველი იმისა, რომ მთლიანად მოგვეშალა კონტრაქტი „ფრონტერასთან“, – აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისთვის, დღესვე ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც მთავრობის გადაწყვეტილება კომპანია „ფრონტერას“ საშუალებას აძლევს, აღარ დახარჯოს ძალისხმევა ლობისტების მობილიზებასა და მათთან ურთიერთობაზე, რის ნაცვლადაც, სასურველია, კონცენტრირდეს იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რაც დასაქმებულ პირთა მიმართ დაუგროვდა, გაისტუმროს სახელფასო დავალიანებები, მოაწესრიგოს ურთიერთობა სხვა მრავალ კრედიტორთან და განაგრძოს საქმიანობა საძიებო სამუშაოების განხორციელების კუთხით.











