ერთხელ ვთქვი, რომ სახელიც უნდა შევუცვალოთ და პირ-ცხვირბადე დავარქვათ-თქო, რადგან პირბადე რატომღაც პირზე უკეთიათ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ სტუმრობისას განაცხადა.
„ბოლო მაგალითი იცით, რომ მაქსიმალურად ვეცადეთ, აბიტურიენტებისთვის კომფორტული გარემო შექმნილიყო. ამიტომ, წერის დროს დავთანხმდით, რომ ნიღაბი არ ჰქონოდათ და მივიღეთ რა – ერთი აბიტურიენტის გამო, რომელიც ინფიცირებული აღმოჩნდა, ცხრა აბიტურიენტი არის კარანტინში.
არის კვლევები, თუ ინფიცირებულს უკეთია ნიღაბი, ეს 70%-მდე ამცირებს გადაცემის შანსს. თუ ჯანმრთელს უკეთია და ინფიცირებულს არ უკეთია, ეს გაცილებით ნაკლებად ამცირებს გადაცემის შანსს. მაგრამ თუ ორივეს უკეთია, პრაქტიკულად გადაცემის შანსი ნულამდე დადის. ეს არის კვლევების საფუძველზე დადგენილი და ჩვენ მარტო იმას ვამბობთ, იმას ვუწევთ რეკომენდაციას, რაც დადგენილია კვლევების საფუძველზე“, – განაცხადა იმნაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 1003 შემთხვევაა დადასტურებული.
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 873, ხოლო გარდაცვლილი 15 ადამიანია.
კარანტინის რეჟიმში – 5640, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 244 პაციენტი იმყოფება.











