„პოლიტიკურ უტიფრობას რომ საზღვარი არ აქვს, გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი შეფასებებით. ჩვენ შეგვიძლია ხაზი გავუსვათ იმას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით სამინისტრო ყოველთვის მოქმედებს კანონის მაქსიმალური დაცვით”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
“შეგვიძლია დღევანდელი გადასახედიდან იმ სპეცოპერაციებს შევხედოთ, რომელიც გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მოხდა და გარკვეული კითხვის ნიშნები საზოგადოებაში არსებობს და ამას პასუხი სჭირდება, რასაც ვერ ვიტყვით იმ აუცილებელ ზომებზე, რომელიც 5-6 ივლისს გახდა საჭირო. აქ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო მოწოდების სიმაღლეზე.
სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მხრიდან, ამ შემთხვევაში გახარიას მხრიდან, ხდება ფაქტების დამახინჯებით კონსტანტაცია და ამ ყველაფრის გამოყენება საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის.
სამწუხაროდ, ფაქტები, რომელიც ასეთ დაპირისპირებას იწვევს, ხდება ჩვენს ქვეყანაში. ყველა ასეთი აქციის ორგანიზატორმა თავიდანვე უნდა გააანალიზოს, რომ ამ აქციას შესაძლოა პროვოკაციული ხასიათი მიეცეს და ის შედეგები გამოიწვიოს, რაც საზოგადოება იხილა.
თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებდა ეფექტიანად, ასრულებდა კანონისმიერ ვალდებულებებს და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ამ ორმა აქციამ კიდევ უფრო მძიმე ხასიათი არ მიიღო და არ გადავიდა მასიურ შეხლა-შემოხლაში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მყოსიერად აღკვეთა ყველა ასეთი ქმედება, რაც სრულდ ჯდება კანონის ფარგლებში”,- განაცხადა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარტია „საქართველოსთვის” დამფუძნებელი, გიორგი გახარია „პრაიდთან” დაკავშირებით განვითარებილ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა:
„უმძიმესი საყურებელი იყო, როცა ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ, როცა სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას და ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან მოქალაქეები – ეს უუნარობის გამოხატულება იყო”, – განაცხადა გახარიამ.










