როდესაც მართლები ვართ, ხალხის ნების გადახედვაზე ჩვენ მათ ვერ წავყვებით, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, პოლიტიკური კრიზისის მიზეზი ოპოზიციის მხრიდან არჩევნების გაყალბების გამოგონებაა.
„რამდენიმე ოქმს აფრიალებენ. სამწუხაროდ, ეს სულ იყო და სულ იქნება. დავუშვათ, ჩვენ რომ ვიქნებით ოპოზიციაში, ეს რომელ წელს იქნება, არ ვიცი, შესწორების ოქმის პრაქტიკა არ მოიშლება. ვერ მოიშლება, რადგან რამდენიმე ათეული ათასი ოქმიდან შუძლებელია, არცერთი არ იყოს შესწორებული.
ამ კრიზისის საფუძველი არჩევნების გაყალბება არ არის, ამ კრიზისის საფუძველი არჩევნების მოგონილი გაყალბებაა. რეალურად, ამ კრიზისის შექმნაში დამნაშავეები ჩვენ არ ვართ. ვფიქრობთ, ამის მიუხედავად, მოლაპარაკების გარკვეულ პირობებზე უნდა წავყვეთ, თუმცა ბუნებრივა, როდესაც მართლები ვართ, ეს ვერ იქნება რიგგარეშე და ვადამდელი არჩევნების ჩატარება. ხალხის ნების გადახედვაზე ჩვენ მათ ვერ წავყვებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, დღეს, 4 დეკემბერს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ფასილიტატორებსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართა.
ოპოზიციამ შეხვედრაზე ხელისუფლებასთან წარსადგენი წინადადებების პაკეტი მიიტანა და “ქართული ოცნებისგან” პასუხს ელის.











