შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქტივისტ ირაკლი ფანგანზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აპრილს, თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1991 წელს დაბადებულ ი.ფ.-ს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად იძალადა მასზე, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ირაკლი ფანგანმა გამოცემა “ბათუმელებს” უთხრა, რომ უცნობმა კაცმა ქაშუეთის ეკლესიის წინ ბათუმის ინციდენტი გაუხსენა, რის შემდეგაც ცემა დაუწყო. მისივე თქმით, კლინიკაში მას ტვინის შერყევა დაუდგინეს.
23 იანვარს, ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიით შევიდა, ირაკლი ფანგანმა ქუჩაში ნაგავი დააყარა. როგორც ალტერნატივის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, მოქალაქეები ჩავლეიშვილს ქუჩაში შეხვდნენ. ისინი “მონა, მოღალატეს” სკანდირებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ საბჭოში გაყალბებული მანდატით შევიდა.
სამართალდამცველებმა ფანგანი მეორე დღეს დააკავეს. მას 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. გირაოსთან ერთად ფანგანს საზღვრის გადაკვეთა, დაზარალებულთან მიახლოება და კომუნიკაცია აეკრძალა და ასევე, გამომძიებელთან კვირაში ერთხელ გამოცხადება დაევალა.











