პოლიციამ გორში, 7 ოქტომბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე 5 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, ბრალდებულები ქალაქ გორში მდებარე ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ, მათ უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1993 წელს დაბადებულ ტ.კ.- ც შეუერთდა. ბრალდებულებმა მოგვიანებით, ტ.კ.-სთან ერთად გორში მდებარე ერთ-ერთ ბარში გადაინაცვლეს და ალკოჰოლის მიღება განაგრძეს, რა დროსაც დაკავებულებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე პირები გორში, მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც მათ უგონო მდგომარეობაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე დანაშაულის დაფარვის მიზნით მტკვარში გადააგდეს. ჩადენილი დანაშაულის შემდგომ ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებულების დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაციას ფლობდა ბრალდებულის სახით დაკავებული ვ.ო., თუმცა მან ამის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
ტ.კ.-ის ცხედარი მდინარე მტკვარმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე პირების ვინაობა დაადგინეს და ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს.
დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“,- ნათქვამია განცხადებაში.