პოლიციამ ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო და სამი პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიბში, დაკავებული ც.ზ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ,,ბერეტას“ ტიპის პისტოლეტი, მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ მუწდში, დაკავებული ხ.ხ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პოლიციის მიერ ამოღებულია არარეგისტრირებული სანადირო თოფი, პისტოლეტი, სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 10 მჭიდი და 530 საბრძოლო ვაზნა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაკავებული დ.ტ.-ის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს: „აკ-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 36 საბრძოლო ვაზნა.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











