თბილისში ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლ.ბ.-მ ნაქირავებ ბინაში დაამზადა და სარეალიზაციოდ დააფასოვა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. „ბიო“, რომელიც 2020 წლის 11 ოქტომბერს, გასაღების მიზნით, კონკრეტულ ლოკაციაზე განათავსა, რა დროსაც ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა იგი ბრალდებულის სახით, ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები. ლ.ბ.-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას გულისხმობს.
მეორე ბრალდებული – მ.გ. წინასწარი შეთანხმებით, ონლაინ აპლიკაციის მეშვეობით, ერთ-ერთ ზემოაღნიშნულ ლოკაციაზე მივიდა და დაიწყო ლ.ბ.-ის მიერ განთავსებული ნარკოტიკული საშუალების ძებნა, რა დროსაც იგი სამართალდამცველებმა შეაჩერეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე მ.გ.-ის მიერ გასაღების მიზნით განთავსებული, 7 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ე.წ. “ბიო”. მ.გ.-ს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის “დ” და “ე” ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების არაერთგზის უკანონო გასაღების მცდელობას იმ პიროვნების მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს მსგავსი დანაშაული“,- ნათქვამია გავრცეებულ ინფორმაციაში.
დანაშაული 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











