პოლონეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდეს. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაიხურება სპორტული დარბაზები, აუზები და აკვაპარკები. შესაბამისი ზომების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების რაოდენობა 24%-ით გაიზარდა.
ახალი წესების მიხედვით, ე.წ. ყვითელ ზონებში, სადაც ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შედარებით დაბალია, ქორწილებსა და სხვა წვეულებებზე ერთდროულად მხოლოდ 20 ადამიანის შეკრებაა დაშვებული.
მსგავს შეკრებებზე ცეკვა აკრძალული იქნება. რესტორნები საღამოს 21:00 საათამდე იმუშავებენ, სპორტულ ღონისძიებებს მაყურებელი ვერ დაესწრება.
„წითელ ზონაში“ მხოლოდ ათი კაცის ერთად შეკრება იქნება ნებადართული. საჯარო სკოლებში უფროსკლასელები დისტანციურ სწავლაზე გადავლენ.











