„მე მქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი პრეზიდენტ მიშელთან. მე მას მივაწოდე ინფორმაცია თუ როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, ბევრ საკითხში მათ თანხვედრა ჰქონდათ.
„ვუთხარი, რომ ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება შესრულდა და სრულდება პირობები, რომლებიც შეთანხმებაში იყო. მე მას ასევე ვუთხარი, რომ სამწუხაროდ დღემდე ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აქვს ხელი მოწერილი დოკუმენტზე, რაც შემაფერხებელია პოლიტიკური სიტუაციის დამშვიდებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანა არის საქართველოში სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნება. ამ საკითხებზე თანხვედრა გვაქვს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდა. ცოტა ხანში დაგეგმილია შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.











