ეს იყო შეხვედრა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად ახლოს ვართ ამერიკა და საქართველო, რამდენად მყარია ამერიკის მხარდაჭერა საქართველოსთვის, ამ რეგიონისთვის, მითუმეტეს დღეს, როცა ცვლილებები მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მაიკ პომპეოსთან ვიზიტის შემდეგ განაცხადა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოფიციალური ტურნეს ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, კავკასიისა და შავი ზღვის მნიშვნელობას ამერიკისათვის.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კოვიდის დროს ამერიკამ კიდევ ერთხელ განაახლა მისი მხარდაჭერა ეკონომიკურად და სამომავლოდ მივიღოთ ის ვაქცინები, რომლებიც დაგვჭირდება, როგორც კი გამოვა.
ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მტკივნეული საკითხი, რაც არის ოკუპირებული ტერიტორიები ამის მიმართ კიდევ ერთხელ გაამყარა კიდევ ერთხელ თავისი პოზიცია, თავისი მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის და მზადყოფნა იმისთვის, რომ აქაც სამშვიდობო პროცესი მოლაპარაკებები იყოს განახლებული და გაძლიერებული.
ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ იქნება მეტი ამერიკა საქართველოში და რეგიონში. საქართველო რჩება ამერიკის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი და მყარი საყრდენი რეგიონში. ძალიან მადლობელი ვართ ამ ვიზიტისთვის და ამ შინაარსისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.











