“პრეზიდენტს, რომელმაც თანამედროვე ქართული სახელმწიფო შექმნა, ედავებიან, თითქოს რაღაც გაფლანგა”, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული.
„აქ ვართ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები. მისდამი სოლიდარობის გამოსახატად მოვედით. როგორც ყოველთვის, მშვიდობიანად და არაძალადობრივად გავაპროტესტებთ ამ რეჟიმის უკანონო ქმედებას! ამ რეჟიმის მიერ სამარცხვინო და დანაშაულებრივ ქმედებას, როდესაც მას დატყვევებული ჰყავს პუტინის პირადი პატიმარი, ამ ქვეყნის თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი ადამიანი, პრეზიდენტი, რომელმაც თანამედროვე ქართული სახელმწიფო შექმნა.
მას ახლა ედავებიან, თითქოს, რაღაც გაფლანგა იმ ვითარებაში, როდესაც მან შექმნა ქვეყნის ბიუჯეტიც, რომელიც რეალურად არ არსებობდა. მან შექმნა ყველა ის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც დღეს ჩვენს სახელმწიფოს აქვს და ასე ინტენსიურად, თავგამოდებით, მიზანმიმართულად ანგრევს ბიძინა ივანიშვილი.
მას აბრალებდნენ, რომ მილიარდები მოიპარა, ეძებეს, ეძებეს და ვერაფერი აღმოაჩინეს. ახლა უნდათ, რაღაც მიედავონ. ედავებიან ზუსტად იგივეს, რა ხარჯებიც აქვს გაწეული ბიძინა ივანიშილს, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო, ასევე, შემდეგ ყველა სხვა სახელმწიფო პირველ პირს, თუ პრემიერებს ივანიშვილის დროს. მათი ხარჯები გასაიდუმლოებულია. ივანიშვილის ჯიბის პროკურატურა ამით არ დაინტერესდება. მიხეილ სააკაშვილს უნდა მოედავონ იმაზე, რაზეც არცერთ სახელმწიფოში არავის, არა თუ არ ედავებიან, არამედ პირქით, უზრუნველყოფენ პრეზიდენტს იმისთვის, რომ მან თავისი როლი და ფუნქცია შეასრულოს ქვეყნის და საზოგადოების სამსახურის კარგად გაწევით“, – აღნიშნავს ბარამიძე.









