მასობრივი მოხმარების პური არ გაძვირდება, – ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა.
მისი განმარტებით, სუბსიდირების პროგრამა ითვალისწინებს პურის ფასების სტაბილიზაციას, საუბარია მასობრივი მოხმარების პურზე.
„ეს პროგრამა დაიწყო 2020 წლის პირველ დეკემბერს და გაგრძელდება 2021 წლის 31 მარტამდე, ანუ 4-თვიანი პროგრამაა. შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ მასობრივი მოხმარების პურზე ფასი არ გაიზრდება. ამ პროგრამით, 53 ლარად, ფიქსირებულ ფასად ერთი ტომარა ფქვილი მიეწოდება იმ საცხობების და პურის ქარხნების ჩამონათვალს, რომლებიც აცხობენ სოციალურ პურს, შესაბამისად, ეს მექანიზმი გვაძლევს იმის დასაბუთებულად თქმის საშუალებას, რომ ამ ოთხი თვის განმავლობაში მასობრივი მოხმარების პურზე ფასი არ გაიზრდება. ეს არის პური, რომელსაც ყოველდღიურად ყიდულობენ ადამიანები სუპერმარკეტებში, უბნის მაღაზიებში და ა.შ. ეს არის ე.წ ბატონის პური, ქვის პური და ა.შ. გაძვირებულია და შესაძლებელია გაძვირდეს ის პური, რომელიც დღეს არის თავისუფალ ბაზარზე და ეს არის საგემოვნო პურები, რომლებიც არის იგივე გერმანული პური, ავსტრიული პური, თონის პური, ლიტვური და ა.შ. ამ პურზე პროგრამა არ არსებობს და ამ პურს ყოველდღიურად არ მოიხმარს მომხმარებელი“, – განაცხადა სილაგავამ.
რაც შეეხება ხორბლის მარაგებს, მისივე თქმით, დეფიციტი საქართველოში არასდროს არ არის, რადგან ამ მიმართულებით კერძო სექტორი მუშაობს.
„გაერო-ს რეკომენდაციით, ორი თვის მარაგი უნდა იყოს აუცილებლად ქვეყანაში, რომ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი და ჩვენ ამ რეკომენდაციას მივყვებით. აშშ-დან უკვე მივიღეთ 14 ათასი ტონა, გემი შემოვიდა ფოთში და იცლება. ახლა 25-ში შემოდის კიდევ 16 ათასი ტონა, ჯამურად 30 000 ტონს ვიღებთ აშშ-დან. საქართველოს წისქვილებს ყოველთვიურად სჭირდებათ დაახლოებით 40 000 ტონა ხორბალი, შესაბამისად, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ აშშ-დან შემოსული 30 000 ტონა ხორბალი, ეს არის სადღაც 2/3 მთლიანი მოხმარების ერთი თვის, რაც საკმაოდ კარგი თემაა. ფაქტობრივად, რუსეთის კვოტირებასთან ერთად, ჩვენ მივიღეთ ამერიკული ხორბალი, რომელიც საკმაოდ კარგი ხელშემწყობი იქნება, რადგან საკმაოდ მაღალი ხარისხია, გამოსავლიანობა ძალიან მაღალია და მომხმარებელიც კმაყოფილი იქნება“, – განაცხადა სილაგავამ.









