ჩვენ, ფაქტობრივად, “ქართულ ოცნებას” საარჩევნო ყუთები თავზე გადავალეწეთ, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ “მთავრი არხის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის ბოიკოტით ოპოზიციამ ამომრჩეველთა ინტერესები დაიცვა. ბურჯანაძეს იმედი აქვს, რომ ხელისუფლება 2021 წელს შეიცვლება.
“როგორც კი ოპოზიცია შევა პარლამენტში, მილიონ ორასი ათასი ამომრჩეველი, რომელიც ახლა გაბრაზებულია ხელისუფლებაზე, ოპოზიციაზე გაბრაზდება, ხოლო “ოცნება” მიაღწევს იმას, რომ მისი დანაშაული გაფერმკრთალდება. ჩემი ამომრჩევლის მოტივაცია, ბოლო დროს, დაბალ დონეზე იყო იმის გამო, რომ ვერცერთხელ მე მათი ხმები ვერ დავიცავი.
მაგრამ ახლა, ჯერ კიდევ არჩევნებამდე იყო ოპოზიციის ერთობა და ჩვენ ვეუბნებოდით ჩვენს ამომრჩეველს, რომ მათ ხმებს დავიცავდით და ჩვენ, ფაქტობრივად, გადავალეწეთ საარჩევნო ყუთები თავზე “ქართულ ოცნებას”. ახლა, მართლა ხელში ხომ არ ავიღებდით იმ ყუთებს და თავში ხომ არ ჩავარტყამდით, მაგრამ გადატანითი მნიშვნელობით ნამდვილად გადავალეწეთ. მე შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი გავაკეთე, რათა ჩემი ამომრჩევლის ხმები დამეცვა”, – ამბობს “დღის სტუმარში” ნინო ბურჯანაძე.











