საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს განცხადებით უახლოეს დღეებში “ქართული ოცნების” ყრილობა გაიმართება, სადაც საკადრო საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელებენ.
„ასეთი გეგმა შემუშავდა, რომ უახლოეს დღეებში იქნება პარტიის ყრილობა, სადაც განისაზღვრება საკადრო-საორგანიზაციო საკითხები. ის, რაც არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, პარტიის იდეოლოგიური პლატფორმა, რაც არის მისი მთავარი ორიენტირები, ცალსახად არ შეიცვლება. რაც შეეხება ახალ სახეებს, ყრილობაზე ალბათ გამოჩნდება. უახლოეს დღეებში იქნება ყრილობა და ბევრი ახალი სახე იქნება, ოღონდ არა მთავარ მმართველობით ორგანოში, თვითონ პარტიაში ბევრი ახალი სახე იქნება“, – განაცხადა სერგეენკომ.
ცნობისთვის, 16 იანვარს „ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარეობიდან წასვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინა.










