„გიორგი გახარიას განცხადება საკმაოდ მძიმე ნათქვამია, რადგან ჩვენ ვიცოდით, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი ერთიანი იყო. ლაპარაკი იყო, რომ გახარია თანამდებობიდან უნდა წასულიყო, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ სიტუაციაში ვიღაცას ნდომოდა პრემიერის სავარძელი“,- ამის შესახებ „პრაიმტაიმნიუსთან“ კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარია გუნდში ბევრს არ მოსწონდა.
„ამ ვითარებაში რთული წარმოსადგენი იყო გახარიას თანამდებობიდან გადადგომა. მე მაინც მგონია, რომ გუნდში გარკვეული განხეთქილება არსებობს, რომელიც საბოლოო ჯამში, დაპირისპირებაში გადაზრდა, ეს ყველაფერი ნიკა მელიასთან არის დაკავშირებული“,- განაცხადა არეშიძემ.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. მან დატოვების მიზეზად თქვა, რომ ამ ვითარებაში “ნაცმოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას დაჭერას არ ემხრობოდა.
დღეს, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა რომ პრემიერმინისტრის თანამდებობას ტოვებს.











