პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა 3 პოლიციელი: ეკა ბუცხრიკიძე, ანი ნაცარაშვილი და გვანცა გოგავა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები ოჯახური და ასევე ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლაში.
პრეზიდენტი ღონისძიებაზე სიტყვითაც გამოვიდა.
„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წელი გავიდა. ქართულ პოლიციაზე, როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ საყრდენ ინსტიტუტზე, სრულიად აირეკლა სამი ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები, სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევები და საზოგადოების მოთხოვნები. ქართულ სახელმწიფოსთან და საზოგადოებასთან ერთად, ქართული პოლიციაც დაადგა ევროპისკენ მიმავალ გზას. ძირეული და მასშტაბური რეფორმებისა და თითოეული პოლიციელის დაუღალავი შრომის შედეგად, ის თანამედროვე და დემოკრატიული სტანდარტების მქონე პოლიციად ჩამოყალიბდა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 31 მაისს პოლიციის დღე აღინიშნება.











