საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს და ევროკავშირის დროშის დახევას ეხმაურება.
როგორც ზალკალიანი ამბობს, ევროკავშირის დროშა კვლავ დაუბრუნდა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ თავის კუთვნილ ადგილს, როგორც ქართველი ხალხის ისტორიული და უალტერნატივო არჩევანის სიმბოლო.
„ქართული კულტურა ყოველთვის იდგა ევროპულ ღირებულებებზე და ამასთან, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან ბევრი გააკეთა ევროპასთან პოლიტიკურ-ეკონომიკურად დაახლოებისთვის. თავის მხრივ, ევროკავშირის როლი ფასდაუდებელია საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარების, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში.
სრულიად მიუღებელია ის ძალადობრივი ქმედებები, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენს დედაქალაქში ხდებოდა, მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ, მედიის წარმომადგენლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმას. დარწმუნებული ვარ, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს კანონის წინაშე.
საქართველო, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული ფასეულობების სახელმწიფო, მუდმივად იდგება ჩვენი საერთო ღირებულებების სადარაჯოზე“,- ამბობს დავით ზალკალიანი.
ცნობისთვის, 6 ივლისს პარლაენტთან მშვიდობიანმა მოქალაქეებმა მდუმარე აქცია ჩაატარე, რომელსაც „თბილისი პრადიცი“ შეუერთდა. მდუმარე აქციის პარალელურად, რუსთაველზე მოძალადე ჯგუფები გამოჩნდნენ, რომლებსაც პოლიცია აკავებდა. მას შემდეგ, რაც მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, მოძალადე ჯგუფები პარლამენტის წინ მიცვივდნენ და ევროკავშირის დროშა ჩამოხიეს.











