მმართველი პარტიის წარმომადგენელთა ნაწილის განცხადებებს საპარლამენტო არჩევნების თარიღის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით, პოლიტიკის ექსპერტები აფასებენ.
როგორც პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პრაიმტაიმთან“ განაცხადა, მმართველი პარტია ოქტომბრამდე არჩევნების ჩატარებას ვეღარ მოასწრებს, რადგან აღნიშნულს საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება სჭირდება.
რაც შეეხება 31 ოქტომბრის შემდეგ არჩევნების ჩატარებას, ექსპერტის თქმით, ამ ვერსიის განხორციელება უფრო მოსალოდნელია.
„იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გამწვავდა, როგორ ჩაატარებენ არჩევნებს? – არჩევნებს წინ ვერ გადმოწევენ, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას გარკვეული პროცესი სჭირდება. ამ პროცესის განხორციელებას ვეღარ მოასწრებენ. თუ არჩევნების გადაწევის ობიექტური საფუძველი შეიქმნა, ბუნებრივია, ადამიანის სიცოცხლე მეტი ღირს, ვიდრე არჩევნები. თუმცა იმედია, არჩევნების გადაწევის ობიექტური საფუძველი არ შეიქმნება.
ის, რომ ხელისუფლებამ ობიექტური საფუძვლების შექმნის გარეშე თავისი ხუშტურების გამო და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, უბრალოდ არჩევნები გადაწიოს, ამას გამოვრიცხავ. ხელისუფლებას აღარ აქვს რესურსი იმისა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით, პოლიტიკური მანიპულაციები აწარმოოს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, „სჯობს, არჩევნები ადრე ჩატარდეს, ვიდრე სამომავლოდ“. მისივე თქმით, არჩევნების თარიღის წინ გადმოწევას საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება სჭირდება.
იმ შემთხვევაში თუ, კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგი არ შეცვალა, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











