„ქართული ოცნება“ მზად არის სამართლიან პირობებში შეთანხმებისთვის და ჩვენს პასუხისმგებლობას სრულად ვაჩვენებთ ამ დიალოგში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ოპოზიცია რეალობის გადმოსახედიდან შეხედავს შეთანხმების შესაძლო პირობებს, პარლამენტში შესვლაზე შეთანხმება მიღწევადია.
„ორმა მილიონმა მოქალაქემ მისცა ხმა სხვადასხვა პარტიას, ჩვენ ვაფასებთ ჩვენი მხარდამჭერების არჩევანს და რა თქმა უნდა, გვსურს ისეთი შეთანხმების მიღწევას, რომელიც იქნება გრძელვადიანი და უზრუნველყოფს პოლიტიკურ თანამშრომლობას. პირველ რიგში, ჩვენ გვსურს, რომ დემოკრატიულმა რეფორმებმა მოიტანოს პოლიტიკური სტაბილურობა და პოლიტიკური კულტურამ სადაც არა ურთიერთდაპირისპირება, არამედ საქმის მშვიდობიანი განაწილება იქნება შესაძლებელი.
ამ დიალოგში მოგვეცა საშუალება როგორც ხელისუფლებას ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის უფრო დეტალურად აგვეხსნა რა არის ქვეყანაში პოლიტიკური კონტექსტი და რა გამოწვევები დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ევროკავშირის მხრიდან საქართველოს აქვს ურყევი მხარდაჭერა და ამ დიალოგში ჩვენი პარტნიორების მონაწილეობაც გამოხატავს ამ მხარდაჭერას. თუ ოპოზიცია სამართლიანობის და რეალობის გადმოსახედიდან შეხედავს შეთანხმების შესაძლო პირობებს ვფიქრობ, პარლამენტში შემოსვლაზე შეთანხმება მიღწევადია. ჩვენ სწორედ ამ კუთხით ვხედავთ ამ შეთანხმებას და პირობებს რომელიც განიხილება, იმედი მაქვს ოპოზიციის მხრიდანაც იქნება ანალოგიური მიდგომა. სავარაუდოდ დღეს იქნება კიდევ რამდენიმე ინდივიდუალური შეხვედრა, მათ შორის ჩვენთან და დღის ბოლომდე მაქსიმალურად გამოვიყენებთ დროს, რომ დავაახლოვოთ პოზიციები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ეწვია. ის ხელსიუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრას მართავს და მთავარ პოლიტიკურ პროცესში მედიატორის როლს ასრულებს.











